კითხვა პასუხი - ICQE
მომსახურების სფეროები
ICQE
კითხვა პასუხი
კითხვა:
როგორც ვიცით, საგადასახადო კოდექსის ცვლილებებთან ერთად, შეიცვალა საბაჟო პროცედურებიც; გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟო პროცედურებისთვის გადახდილი თანხიდან შეიძლება თუ არა დღგ-ის ჩათვლა? თუ შეიძლება, რა ფორმით? რადგან მას თან არ ახლავს ანგარიშ-ფაქტურა. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაცემული დოკუმენტი თავისთავად ანაცვლებს თუ არა საგადასახადო დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურას და სად არის ამის შესახებ რაიმე სახის ჩანაწერი?

პასუხი:
საგადასახადო კოდექსის 173.2-ე მუხლის თანახმად, `ჩათვლის დოკუმენტებია: .... ე) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა მიერ მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ტარიფები დადგენილია დღგ-ის ჩათვლით, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით~.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის # 401 დადგენილების (`იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია~) პირველი მუხლის თანახმად, `საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია, განისაზღვროს:
  • შემოსავლების სამსახური;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემია;
  • საფინანსო-ანალიტიკური სამსახური;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #96 დადგენილებით (`საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ~) განსაზღვრულია, რომ აღნიშნული საფასური მოიცავს დღგ-ს.
ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მომსახურების საფასურის გადახდას, იძლევა ჩათვლის უფლებას.

კითხვა:

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამავე დროს ჩანაწერით გაურკვეველია, მომსახურების დროს, ექვემდებარება თუ არა ავანსის თანხა შემოსავლად აღიარებას, დღგ-ის მიზნებისათვის კი, არის თუ არა მიღებული ავანსი დასაბეგრი ბაზა, თუ ავანსი მომსახურებისას დასაბეგრი ბაზაა, მაშინ ანგარიშ-ფაქტურაში მომსახურების ნაწილში რა ჩაიწერება?

პასუხი:

საგადასახადო კოდექსის 161.1-ე მუხლის `ა.ბ.ა~ ქვეპუნქტი საკმაოდ ბუნდოვანი და ორაზროვანია – ერთი მხრივ, საუბარია უკვე განხორციელებულ მიწოდებაზე, რაც, წესით, გამორიცხავს მიღებული ავანსების მიწოდებად აღიარებასა და დაბეგვრას, მეორე მხრივ კი ამგვარი სიტყვიერი კონსტრუქციის ჩამოყალიბების აზრი იკარგება, ამავე ქვეპუნქტში `თანხის გადახდის ვალდებულების მომენტის~ მინიშნებით.
ამის მიუხედავად, ჩვენი აზრით, ავანსები (წინასწარ ანაზღაურებული თანხები) დღგ-ით არ უნდა დაიბეგროს.
კითხვა:
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანების მუხლი #32, მოგების დეკლარაციის მე-40 გრაფაში კაპიტალიზებადი ხარჯი უნდა ვაჩვენოთ ნაზარდი ჯამით, თუ მხოლოდ მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის მონაცემები? ასევე, ეს დეკლარაცია ეხება თუ არა 2010 წლის ანგარიშგებას?

პასუხი:

  1. ჩვენი აზრით, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მე-40 და მოგების გადასახადის დეკლარაციის 42-ე გრაფებში კაპიტალიზებადი ხარჯები უნდა აისახოს შესაბამისი წლის (მიმდინარე) მონაცემებით, რამდენადაც ეს დეკლარაციები წარმოადგენს ანგარიშგებას საგადასახადო წელს მომხდარი მოვლენების შესახებ. ამასვე მიუთითებს აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 41.5-ე მუხლის `ჟ~ ქვეპუნქტის სიტყვები - `...საანგარიშო პერიოდში გაწეული...~
  2. რამდენადაც 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი დებულებები განსხვავდებოდა ახალი საგადასახადო კოდექსის დებულებებისგან, ვფიქრობთ, 2010 წლის საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციები `ძველი~ ფორმით უნდა შეივსოს.

კითხვა:

ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანების საფუძველზე, მუხლი #25-ის მიხედვით, ჩამოყალიბდა სასაქონლო ზედნადების შევსების და გამოყენების წესები, თუმცა, ამ ინსტრუქციაში არ არის განმარტებული, თუ რამდენად შესაძლებელია ამ სასაქონლო ზედნადების გამოყენება მოსახლეობიდან საქონლის შეძენის ან სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა, ანუ ანაცვლებს თუ არა იგი ძველი სასაქონლო ზედნადების ფორმა #2 -ის მოთხოვნებს?

პასუხი:

საგადასახადო კოდექსის 286.5-ე მუხლის თანახმად, 286.1-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა არ გამოიყენება ზოგიერთი ოპერაციის განხორციელებისას, მათ შორის, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის ტრანსპორტირების ან მიწოდების დროს. თუმცა, ეს არ ათავისუფლებს მყიდველს 286.3-ე მუხლით განსაზღვრული სანქციისგან, თუნდაც აღწერილი ოპერაციებით შეძენილი საქონლის გამოვლენისას. ამ შემთხვევაში, მყიდველს მოეთხოვება `პირველადი საგადასახადო დოკუმენტის~ ქონა, რომლის რაობაც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით:
  1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი, მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას;
  2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
  3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დამთავრებიდან, რომელსაც იგი მიეკუთვნება, არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.
უნდა შევნიშნოთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები აღარ ითვალისწინებს `გამარტივებული ზედნადების~ არსებობას.
აქედან გამომდინარე, თქვენ მიერ აღწერილ ოპერაციებში სასაქონლო ზედნადების ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს რაიმე სხვა ფორმის დოკუმენტი, რომელიც დააკმაყოფილებს 72-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს.

კითხვა:
ჩვენმა ფირმამ გაიმარჯვა მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და უფლება მიიღო 2 წლით მოვემსახუროთ მიკროავტობუსებით ქალაქში რამდენიმე სამარშუტო ხაზს. მგზავრთა მომსახურების უფლება 1 წლით გადავეცი მძღოლს, რომლის საკუთრებაშია მიკროავტობუსი, მაგრამ არაა ინდმეწარმე და დავუდგინეთ ყოველთვიური გადასახადი 60 ლარი. 60 ლარიდან 30 ლარი არის მერიის კუთვნილი თანხა, ნებართვის ღირებულება თითოეულ მანქანაზე (მერიის მოსაკრებელი).
მერიის კუთვნილი თანხა 30 ლარი მოსაკრებლის ღირებულება დაფიქსირდეს თუ არა ფირმის სალარო აპარატში? შეიძლება თუ არა მოსაკრებელი თანხა პირადად შევიტანოთ მერიის ანგარიშზე და არ დავაფიქსიროთ ჩვენს საკასო აპარატში? თუკი აუცილებლად მძღოლიდან მიღებული თანხა მთლიანად უნდა დაფიქსირდეს ფირმის აპარატში, ამ შემთხვევაში, მოსაკრებლის თანხა ექვემდებარება თუ არა დღგ-ის გადასახდელისაგან განთავისუფლებას, რადგანაც საქალაქო სამარშუტო ხაზზე მომსახურებას ვეწევით სახელმწიფო რეგულირებადი ფასებით და ტარიფებით.
პრაქტიკულად, ორი სუბიექტი ერთობლივად ვახორციელებთ მომსახურებას. ფირმა, რომელსაც მერიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და მძღოლი, რომლის საკუთრებაშიცაა ავტომანქანა, უშუალოდ იღებს მგზავრობის საფასურს.


პასუხი:

საზოგადოდ, საწარმოს საკონტროლო-სალარო აპარატით ფიქსირდება ის თანხა, რომელიც მიიღო საწარმომ ნაღდი ანგარიშსწორებით. თუ თქვენ ფიზიკური პირისგან იღებთ 60 ლარს, საკონტროლო-სალარო აპარატშიც უნდა დაფიქსირდეს 60 ლარი.
აღნიშნული თანხის დღგ-ისგან გათავისუფლება იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ ეწევა სახელმწიფო რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით სამარშრუტო ხაზებზე მომსახურებას – თქვენ, თუ შესაბამისი ფიზიკური პირები (ცალკე საკითხია – არსებობს თუ არა `სახელმწიფო რეგულირებადი ფასები და ტარიფები~ ამ სახის მომსახურებაში). თუ თქვენ მხოლოდ მიკროავტობუსებს აქირავებთ, მაშინ ეს ოპერაცია არ წარმოადგენს დღგ-ისგან გათავისუფლების საფუძველს, ხოლო თუ მგზავრთა გადაყვანაზე თქვენი საწარმო აგებს პასუხს, მაშინ გადაყვანის მომსახურების საფასური გათავისუფლდება დღგ-ისგან. რაც შეეხება მოსაკრებელს, იგი, სხვა დანახარჯებთან ერთად, წარმოადგენს გაწეული მომსახურების თვითღირებულების შემადგენელ ნაწილს და ცალკე აღებულად დღგ-ით არ იბეგრება.

კითხვა

  1. კომპიუტერის შეძენიდან ერთი წელი არაა გასული, მაგრამ მწყობრიდან გამოვიდა, ისე, რომ მისი შეკეთება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ექვემდებარება თუ არა ჩამოწერას, არის თუ არა ხელოსნისგან საჭირო მისი უვარგისობის დამადასტურებელი დასკვნა ან აქტი?
  2. არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტი ვერ ახერხებს (აქციის, შეხვედრების და სხვა მსგავსი ვიზიტების დროს) მივლინების ბლანკის დამოწმებას, არის თუ არა ეს დარღვევა და როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევაში?
  3. ოფისის მეპატრონე ოფისს გვითმობს უსასყიდლოდ იმ პირობით, თუ მხოლოდ გადავიხდით კომუნალურ ხარჯებს. ხომ არ არის ეს დარღვევა და რამდენად არის შესაძლებელი ეს ხელშეკრულებით დარეგულირდეს?

პასუხი:
  1. ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის აქტივის ბალანსიდან ჩამოსაწერად, როგორც წესი, დგება ე.წ. `დეფექტური აქტი~, რომლის `გასამაგრებლად~ სასარგებლოა სპეციალისტის დასკვნა. რაც შეეხება საგადასახადო აღრიცხვას, თუ კომპიუტერი ძირითადი საშუალებების შესაბამის ჯგუფშია ჩართული და ამ ჯგუფში კიდევ არის დარჩენილი სხვა ძირითადი საშუალებები, მაშინ კომპიუტერის ღირებულება ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საამორტიზაციო ანარიცხების სახით – ზუსტად ისევე, როგორც ეს მოხდებოდა, კომპიუტერს გამართულად რომ ემუშავა. თუ ამ ჯგუფში სხვა ძირითადი საშუალებები არ არის, მაშინ მისი `ნარჩენი ღირებულება~ (კომპიუტერის ლიკვიდაციის შემთხვევაში) გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან.
  2. ხოლო თუ კომპიუტერი სასაქონლო-მატერიალური მარაგის შემადგენელი ნაწილია, მაშინ მის ჩამოსაწერად საგადასახადო ორგანოს მოწვევა დაგჭირდებათ.
  3. მივლინების ბლანკის~ ფორმა ან მისი საერთოდ არსებობა რომელიმე ნორმატიული აქტით არ მოითხოვება. მოითხოვება დანახარჯის დადასტურება რაიმე დოკუმენტით. ამდენად, თუ ეს ფაქტი რაიმე სხვა დოკუმენტით დასტურდება, მივლინების ბლანკის დაუმოწმებლობა დარღვევა არ არის.
  4. თქვენს კითხვაში აღწერილი საკითხები სწორედ ხელშეკრულებით განსასაზღვრი საკითხებია და, შესაბამისად, დარღვევას არ წარმოადგენს.
კითხვა:
არასამეწარმეო იურიდიული პირი, წესდების თანახმად, ვალდებულია შექმნას ხელსაყრელი გარემო მეღვინეობის, მევენახეობის, ტურიზმისა და მათ მარკეტინგთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. ამ მიზნით, აწყობს გამოფენებს, დეგუსტაციებს, კონკურსებს, იღებს მონაწილეობას (წევრი კომპანიების სახელით) საერთაშორისო გამოფენებში, ღვინის პროდუქციის რეკლამირების და შემდგომში დაფინანსების მოზიდვის მიზნით. არასამეწარმეო პირის ძირითადი შემოსავლებია საწევრო შემონატანები, არა აქვს მოგება, გარდა საწევროებისა:
  • საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებზე და ფესტივალზე მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯებს ანაზღაურებს ღვინის კომპანია, რომლის პროდუქციაც ამ არასამეწარმეო პირს გააქვს ფესტივალზე ან გამოფენაზე (პროდუქცია გადაეცემა მინდობილობით საბაჟოზე, რის შემდეგაც პროდუქციის განბაჟება ხდება არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელზე (თუმცა პროდუქცია ჩვენს საკუთრებაში არ გადმოდის). ამასთან, ღვინის კომპანიების მიერ ხდება არასამეწარმეო იურიდიული პირისთვის გამოფენაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვა, რომელიც არ აღემატება გასაწევ ხარჯებს.
  • საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით, არასამეწარმეო პირი აწყობს ღვინის გამოფენას. დაფინანსების თანხა გათვლილია გამოფენის ორგანიზების ხარჯებისა და ხელფასებისთვის.
ვინაიდან ვართ არასამეწარმეო იურიდიული პირი და ჩვენი საქმიანობა არ ცდება წესდებით გათვალისწინებული საქმიანობების სფეროებს, გვაინტერესებს, ზემოთ ჩამოთვლილ ორ შემთხვევაში გაწეული საქმიანობა მიიჩნევა თუ არა ეკონომიკურ საქმიანობად და იბეგრება თუ არა დღგ-ით?

პასუხი:
თქვენ მიერ აღწერილი საქმიანობა (ორივე შემთხვევაში) ატარებს ეკონომიკური საქმიანობის ნიშნებს. ამდენად, არსებობს იმის რისკი, რომ ეს ოპერაციები დაიბეგროს დღგ-ით. რამდენადაც არ ვიცნობთ კონკრეტული ოპერაციის კონკრეტულ ნიუანსებს, უფრო ზუსტი პასუხის გაცემა გვიჭირს, თუმცა, ამ ნიუანსებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ან არ იყოს ეკონომიკური საქმიანობა და ამიტომ – დაიბეგროს ან არ დაიბეგროს დღგ-ით.

კითხვა:
ფიზიკურმა პირმა, პირველი რიგის მემკვიდრეს, მეუღლეს, საჩუქრად გადასცა საცხოვრებელი სახლი და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი. იმავდროულად, ეს ფიზიკური პირი საჩუქრად გადაცემულ ქონებაში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ გაქირავებული აქვს სახლი ოფისად, ერთ-ერთ კომპანიაზე და ქირავნობის ხელშეკრულება შემდგომში გაგრძელდება მეუღლის მხრიდან. გვაინტერესებს, მემკვიდრეობით ქონების საჩუქრად გადაცემისას, გვექნება თუ არა საშემოსავლო და დღგ გადასახდელი და უნდა მოვახდინოთ თუ არა ორივე მხარემ, მიმღებმა და გამცემმა გადასახდების დეკლარირება?

პასუხი:
საგადასახადო კოდექსის 149.1-ე მუხლის `ა~ ქვეპუნქტის თანახმად, `დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას არანაირი მოგება ან ზარალი მხედველობაში არ მიიღება, თუ ხდება:
ა) აქტივის გადაცემა მეუღლეებს შორის~.
გარდა ამისა, იმავე კოდექსის 82.1-ე მუხლის `ზ~ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება `საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება~.
აქედან გამომდინარე, აღწერილი ოპერაციიდან საშემოსავლო გადასახადი არ წარმოიშობა და არც დეკლარირებაა სავალდებულო.
რაც შეეხება დღგ-ის გადამხდელად აღრიცხვას, მის დეკლარირებასა და ბიუჯეტში გადახდას, ეს ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში (იხ. 157.1-ე მუხლი). მეუღლეებს შორის აქტივის გადაცემას კი ვერ ჩავთვლით ეკონომიკურ საქმიანობად, რადგან ვერ ვხედავთ `მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის~ მიღების მიზანს.
აქედან გამომდინარე, თქვენ მიერ აღწერილი ოპერაციიდან დღგ-ის გადამხდელად აღრიცხვის, დღგ-ის დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულება არ წარმოიშობა.

კითხვა:

გთხოვთ გვიპასუხოთ, სავალდებულოა თუ არა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტით ვაჭრობისას სალარო აპარატის გამოყენება და თუ არ ვიყენებთ, დაგვაჯარიმებენ თუ არა?

პასუხი:

საგადასახადო კოდექსის 259.4-ე მუხლის `ბ~ ქვეპუნქტის თანახმად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება `ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენს პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას, – საქმიანობის ამ ნაწილში~.
ამდენად, თუ ამ მუხლში აღწერილი პირობები შესრულებულია, თქვენ არ გაქვთ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება და, შესაბამისად, ვერც მისი გამოუყენებლობისთვის დაჯარიმდებით.

კითხვა:
გთხოვთ გვიპასუხოთ, საწარმოსთვის აღიარდება თუ არა საზღვარგარეთ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თანხები შემოსავლად და უნდა დაიბეგროს თუ არა მოგების და სხვა გადასახადებით?

პასუხი:
დიახ, აღიარდება – მოგების გადასახადის მიზნებისთვის. ამასთანავე, უცხოეთში გადახდილი მოგების გადასახადი (ან მისი ანალოგი) ჩაითვლება საქართველოში მოგების გადასახადის გადახდისას – იმ პირობებითა და ოდენობით, რომლითაც ეს შემოსავალი დაიბეგრებოდა, საქართველოში რომ ყოფილიყო მიღებული.
რაც შეეხება სხვა გადასახადებს (დღგ, აქციზი), ისინი მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის/მომსახურების მიწოდების მიმართ და საზღვარგარეთ განხორციელებულ ოპერაციებზე ისინი არ წარმოიშობა.

კითხვა:

საწარმოს ლიზინგით გადაცემული აქვს ინდმეწარმეებზე ავტომობილები, რომლებზეც ლიზინგის გამცემი საწარმოს სტიკერები არის განთავსებული. გთხოვთ გვიპასუხოთ, ჩაეთვლებათ თუ არა ინდმეწარმეებს სტიკერების განთავსება სარეკლამო მომსახურებად?

პასუხი:
თუ სტიკერების ავტომობილებზე განთავსება-არგანთავსება დამოკიდებულია ამ მეწარმეების არჩევანზე და ისინი რაიმე ფორმით სარგებელს იღებენ (ვთქვათ, ფასდაკლებას სალიზინგო გადასახდელებში და სხვ.) ამ განთავსებისგან, მაშინ ეს, ჩვენი აზრით, ჩაითვლება მომსახურების გაწევად. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობთ, ეს არ უნდა ჩაითვალოს მომსახურებად.

კითხვა:

საწარმო, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, საკუთარი წარმოებით აშენებს შენობას, რომლის ღირებულებაც გადააჭარბებს 100000 ლარს. მოუწევს თუ არა საწარმოს დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება?

პასუხი:
დიახ, მოუწევს.

კითხვა:
გთხოვთ გვიპასუხოთ: მივლინების დროს წასვლის და ჩამოსვლის დღე ჩაითვლება თუ არა ერთ დღედ?

პასუხი:
ასეთი მითითება შესაბამის ნორმატიულ აქტში არ არის. ამდენად, გამგზავრებისა და დაბრუნების დღეები სხვადასხვა დღეებად ჩაითვლება.

კითხვა:

აღიარდება თუ არა ჩაუთვლელი დღგ ხარჯად საგადასახადო კუთხით და შესაძლებელია თუ არა მისი საქონლის თვითღირებულებაში შეყვანა?

პასუხი:
შესაბამისი ხარჯის (ან აქტივის) ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩაუთვლელი დღგ-ის ხარჯად აღიარებაც და აქტივის თვითღირებულების ელემენტად გადაქცევაც.

კითხვა:
დაიბეგრება თუ არა დღგ-ით საწარმოს მიერ წილის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, თუ მისაღები თანხა აღემატება 100000 ლარს?

პასუხი:
არა, არ დაიბეგრება, რადგან აღნიშნული ოპერაცია ფინანსური ოპერაციაა (იხ. საგადასახადო კოდექსის მე-15.2 მუხლის `დ~ ქვეპუნქტი), რომელიც 168.2-ე მუხლის `ა~ ქვეპუნქტის თანახმად, განთავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.

კითხვა:

არარეზიდენტმა პირმა დღგ-ს გადამხდელს გაუწია მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე. შეძლებს თუ არა დღგ-ს გადამხდელი უკუდაბეგვრის წესით გადახდილი დღგ-ის ჩათვლას და რა ვადაში იქნება ჩათვლა შესაძლებელი?

პასუხი:

დიახ, შეძლებს (საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით) – იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მოხდა უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის ბიუჯეტში გადახდა. ამასთან, ბიუჯეტში დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით ჩათვლის მიღება შესაძლებელია საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის (6 წლის) განმავლობაში.

კითხვა:
ფიზიკურმა პირმა რეექსპორტის რეჟიმით საზღვარგარეთიდან შემოიყვანა მანქანა. დაიბეგრება თუ არა მანქანის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი?

პასუხი:
თუ ეს ოპერაცია (შესაბამისი კონკრეტული ნიუანსების გათვალისწინებით) ჩაითვლება საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, მაშინ ფიზიკური პირისთვის ეს შემოსავალი არ დაიბეგრება (იხ. 82.1-ე მუხლის `ფ~ ქვეპუნქტი).

კითხვა:

2009 წელს მძიმედ დაავადდა კომპანიის დამფუძნებელი, ერთ-ერთი ღვაწლმოსილი თანამშრომელი. ფირმამ, დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით, თავის თავზე აიღო აღნიშნული თანამშრომლის მკურნალობის ხარჯები, მისი გარდაცვალების შემდეგ კი დაკრძალვის ხარჯები. დახმარების სახით, ფირმამ წინა წლების გაუნაწილებელი მოგების ხარჯზე გამოყო და გასცა ჯერ მასზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრებზე საკმაოდ დიდი ოდენობის დახმარების თანხა.
აღნიშნული დახმარების თანხა ადგილზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, რაც გადაირიცხა ბიუჯეტში.
კითხვა 1: აქვს თუ არა ფირმას უფლება, აღნიშნული დახმარების თანხა ჩაითვალოს მოგების გადასახადის ხარჯების გამოქვითვისას?
კითხვა 2: ვალდებულია თუ არა ფირმა, დაუკავოს არადაქირავებულ (გარეშე პირს) მასზე გაწეული დახმარებიდან საშემოსავლო გადასახადი?


პასუხი:

  1. ჩვენი აზრით, აღნიშნული დახმარების თანხა შეიძლება ჩაითვალოს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ამ კუთხით გამოიქვითოს კომპანიის ერთობლივი შემოსავლიდან, გარდა გარდაცვალების შემდგომ ოჯახზე გაცემული დახმარებისა.
  2. საგადასახადო კოდექსის 154.1-ე მუხლის `მ~ ქვეპუნქტის თანახმად, არადაქირავებული პირისთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას, კომპანიას ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება. თუმცა, გაურკვევლობას იწვევს ინსტრუქციის* 38.6-ე მუხლის `ქ~ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, დახმარება ისეთ განაცემს განეკუთვნება, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და, ამასთან, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

კითხვა:
მოქალაქე ინდმეწარმედ 2003 წელს დარეგისტრირდა. მას შემდეგ იგი ეწეოდა საქმიანობას, მაგრამ არ აბარებდა დეკლარაციებს და გადასახადებს არ იხდიდა. ამჟამად სურვილი აქვს (მის ინტერესებში შედის) ჩააბაროს დეკლარაციები და გადაიხადოს გადასახადები.
როგორ მოიქცეს ინდმეწარმე? აღნიშნულ შემთხვევაში, რა სახის ჯარიმებისა და საურავების დარიცხვაა მოსალოდნელი საგადასახადო ინსპექციის მხრიდან?


პასუხი:
  1. დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის პირს, საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, ჯარიმის სახით ეკისრება გადასახდელი თანხის (ანუ იმ თანხის, რომელიც მითითებული უნდა ყოფილიყო დეკლარაციაში) 5 %-ის ოდენობით ყოველ სრულ ან არასრულ თვეზე, მაგრამ ჯამურად – არა უმეტეს გადასახადის თანხის 30 %-ისა და არანაკლებ 200 ლარისა. მაგალითად, თუ დაგვიანებული დეკლარაციის მიხედვით გადასახადის თანხა არის 100 ლარი და დაგვიანება შეადგენს 12 თვეს, ჯარიმა პირველი შეზღუდვით (30 %) გამოდის 30 ლარი, მაგრამ რამდენადაც იგი არ შეიძლება იყოს 200 ლარზე ნაკლები, ჯამურად პირი დაჯარიმდება 200 ლარით. ხოლო თუ იმავე პირობებში გადასახადის თანხა იქნებოდა, ვთქვათ, 1000 ლარი, მაშინ ჯარიმა იქნებოდა 300 ლარი.
  2. საურავი შეადგენს დროულად გადაუხდელი თანხის 0.07 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 1 წელიწადში ეს დაახლოებით გადასახადის თანხის 25.2 %-ის ტოლია.
კითხვა:
მოქალაქე სათანადო ანაზღაურებით, საკუთარი ავტომანქანით ემსახურებოდა მოსახლეობას _ გადაჰქონდა მათი კუთვნილი ტვირთი. მას სურვილი აქვს (მის ინტერესებში შედის) თავისი მუშაობის პერიოდში გამომუშავებული თანხიდან გადაიხადოს გადასახადი და დადგეს აღრიცხვაზე, როგორც ინდმეწარმე.
როგორ მოიქცეს მოქალაქე? ამ შემთხვევაში, რა სახის ჯარიმები და საურავები დაერიცხება მოქალაქეს?


პასუხი:

თუ პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, იგი დაჯარიმდება 200 ლარით (ერთჯერადად).
რაც შეეხება სხვა სანქციებს, იხ. წინა კითხვის პასუხები.

კითხვა:
სკ 168-ე მუხლი გ2) "საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების, თავისუფალი ზონის ან თავისუფალი საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა";
აღნიშნული მუხლი იწვევს მრავალ განსვავებული აზრის არსებობას.
ამიტომ გთხოვთ გვიპასუხოთ:
რას ნიშნავს:
"საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული"?
"თავისუფალი საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული"?
ამის შესაბამისად, გთხოვთ კონკრეტულად აგვიხსნათ:
ფოთის პორტში განბაჟებული ხორბლის ტრანსპორტირება იმპორტიორის მიერ დანიშნულების (საკუთარი საწყობის) პუნქტამდე გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების ღირებულება ექვემდებარება თუ არა დღგ-ით დაბეგვრას?


პასუხი:

1. საგადასახადო კოდექსის 227.1-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ოპერაციებია:
  • იმპორტი;
  • ექსპორტი;
  • რეექსპორტი;
  • ტრანზიტი;
  • საწყობი;
  • თავისუფალი საწყობი;
  • თავისუფალი ზონა;
  • დროებითი შემოტანა;
  • შიდა გადამუშავება;
  • გარე გადამუშავება.
თქვენ მიერ მოტანილი ქვეპუნქტი ეხება შემთხვევებს, როდესაც საქონელი სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულია მის შემოტანამდე. ეს კი ხორციელდება წინასწარი დეკლარირების მეშვეობით.
2. რაც შეეხება თქვენ მიერ აღწერილ, ხორბალთან დაკავშირებულ გადაზიდვას, აქ რამდენიმე შესაძლო შემთხვევა შეიძლება არსებობდეს, რომლებიც დეტალურად არის განხილული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აპრილის #208 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში "საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურების დაბეგვრის თაობაზე". ჩვენი აზრით, განბაჟებისშემდგომი გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დაიბეგრება დღგ-ით.

კითხვა:

საქონლის საქართველოში შემოსატანად ტვირთმფლობელი იჯარით იღებს ვაგონს. არარეზიდენტი ექსპედიტორი, რომელიც საქართველოს რეზიდენტ ექსპედიტორს უწევს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას, უწერს ანგარიშ-ფაქტურას, რომელშიც ცალკეა გამოყოფილი ვაგონის საიჯარო ქირა. უნდა დაიბეგროს თუ არა საიჯარო ქირა საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით?

პასუხი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ვაგონი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას. სსკ-ის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის `დ.დ.~ პუნქტიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების იჯარით გადაცემისათვის მომსახურების გაწევის ადგილად არ განიხილება საქართველო. შესაბამისად, საიჯარო მომსახურების ღირებულება არ ექვემდებარება უკუიჯარით დაბეგვრას. დღგ-ით უკუდაბეგვრას.
მოძრავი ქონება არ მდებარეობს საქართველოში და ვაგონის იჯარით აღება საერთაშორისო გადაზიდვას არ გულისხმობს. იჯარით გაცემული ვაგონი მონაწილეობს ტვირთის ტრანსპორტირებაში, რომლის დაწყების ადგილი საზღვარგარეთია, ხოლო დასრულების ადგილი საქართველო. ამდენად, ჩვენი აზრით, ვაგონის იჯარა არარეზიდენტიდან, რომლითაც ტვირთი საქართველოში იქნება ტრანსპორტირებული, საშემოსავლო გადასახადით არ უნდა დაიბეგროს.

კითხვა:

საქართველოს საწარმო ექსპედიციას ეწევა საზღვარგარეთ. ე.ი. აწარმოებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ერთი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას. დღგ-ის მიზნებისათვის ეს მომსახურება არ მიიჩნევა საქართველოში განხორციელებულად. ასეთი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი უნდა აისახოს თუ არა დღგ-ის დეკლარაციაში და რომელ სტრიქონში?

პასუხი:
საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურება დღგ-ის გადამხდელს აძლევს ჩათვლის უფლებას იმ საქონელზე და მომსახურებაზე, რომელიც გამოყენებული იქნება ამ მომსახურებისათვის. თუ საქონელზე და მომსახურებაზე გადახდილი/გადასახდელი დღგ გამოყენებული იქნება მხოლოდ ასეთი ოპერაციისათვის, მაშინ ის არ ექვემდებარება გაუქმებას. ამ შემთხვევაში, დეკლარაციაში აისახება საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურება (სსკ-ის მუხლი 174 ნაწილი 2 `ა.გ~ და ნაწილი 5 `ა~).
ასეთ სიტუაციაში, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურება უნდა აისახოს დღგ-ის დეკლარაციაში III ნაწილის მე-4 უჯრაში.

კითხვა:
უნდა აისახოს თუ არა დეკლარაციაში და რომელ სტრიქონში ტრანზიტული ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ექპედიტორული მომსახურების ღირებულება?

პასუხი:
ტრანზიტული ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ექპედიტორული მომსახურება დღგ-საგან განთავისუფლებულია ჩათვლის უფლებით. შესაბამისად ასეთი მომსახურების ღირებულება აისახება დღგ-ს დეკლარაციაში III ნაწილის მე-3 უჯრაში

კითხვა:
საიმპორტო ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ექპედიტორული მომსახურების ღირებულება უნდა აისახოს თუ არა დეკლარაციაში და რომელ სტრიქონში?

პასუხი:
ჩვენი აზრით, აქ ორ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე:
როდესაც ექსპედიტორი მომსახურებას ეწევა საქართველოს საზღვრამდე; და
როდესაც ტვირთი კვეთს საქართველოს ტერიტორიულ საზღვარს.
როდესაც საქმე გვაქვს `1.ა~ შემთხვევასთან, მაშინ ალბათ ეს მომსახურება ითვლება საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეულ მომსახურებად და უნდა გავითვალისწინოთ ზემოთ, მე-6 შეკითხვის პასუხი.
როდესაც საქმე გვაქვს `1.ბ~ შემთხვევასთან, მაშინ, ჩვენი აზრით, რთული სიტუაციაა. დამატებით განსჯას საჭიროებს.
გვერდის ბმული
X
პრომო პროდუქტები
ალტერნატიული აუდიტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის პროექტს, რომელიც გულისხმობს ”როიალ აუდიტის”  მიერ ეკონომიკური სუბიექტის საგადასახადო შემოწმებას შემოსავლების სამსახურის მიერ
[ სრულად ]
კურსი ”საბანკო საქმე უფასო სტაჟირებით” განკუთვნილია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური განათლების მქონე მსმენელთათვის, რომელთაც
[ სრულად ]
,,კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი” აუდიტორებსა და ბუღალტრებს სთავაზობს ახალ პროდუქტს - ,,პრაქტიკული აუდიტი”.
[ სრულად ]
შემთხვევითი ფოტო

ჩვენი პარტნიორები


icqe.ge

icqe.ge

icqe.ge